
მარეგულირებლის გაზრდილი უფლებები: თვითრეგულირების გადაფარვა
რას ემსახურება რეალურად კანონში შეტანილი ცვლილებები: დეზინფორმაციისაგან დაცლილი ჯანსაღი მედიაგარემოს შექმნას თუ კომუნიკაციების კომისიის სახით ახალი ცენზორის დაბადებას?

.png)
2025 წლის 3 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ, ,,ქართული ოცნების" მიერ 27 მაისით დათარიღებული საჩივრის საფუძველზე, ტელეკომპანიები ,,პირველი” , ,,ფორმულა” და ,,მთავარი არხი” სამართალდამრღვევებად ცნო. საჩივრის საფუძველი 2025 წლის პირველ აპრილს ,,მაუწყებლის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები გახდა.
ცვლილებები კანონში
საქართველოს პარლამენტის მიერ
2025 წლის 1 აპრილს მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები გაფართოვდა. თუკი ის მანამდე ტ ექნიკური და ადმინისტრაციული საკითხებით (ლიცენზიების გაცემა, ბაზრის რეგულირება) შემოიფარგლებოდა, ახლა მას გადაცემის შინაარსსა და სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევის უფლებაც მიეცა.
სარედაქციო პოლიტიკაში პოლიტიკური ჩარევის რისკი
ახალი მუხლები კრძალავენ „პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე“. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ეს მოცემულია, როგორც მცდელობა მიუკერძოებლობის შენარჩუნებისა, სინამდვილეში ეს სტანდარტები ბუნდოვანია და კომისიის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც პოლიტიკური ცენზურის ინსტრუმენტი.
მუხლი 54
მაუწყებლის შესახებ კანონის 54-ე მუხლი ,,სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას” არეგულირებს. მას აფასებენ, როგორც ცენზურის დაწესების, მაუწყებლის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობას:
,, 1. მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. 2. მაუწყებლები ვალდებული არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე”

მეტი კონტროლი თუ მეტი პასუხისმგებლობა?
,,მაუწყებლის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების შედეგად, არაერთი პრინციპი, რომელიც მანამდე მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში მოქმედებდა, მარეგულირებლის უფლრბამოსილებაში სამართლებრივად მოექცა.
რა შეიცვალა?
მაუწყებლებს დაეკისრათ უფრო მკაფიო და სავალდებულოდ შესარულებელი წესები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ინფორმაციის ზუსტად გადმოცემა და პასუხის უფლების პატივისცემა,
სამართლიანობა და მიუკერძოებლობა,
პირადი ცხოვრების დაცვა,
ფარული მეთოდებით ინფორმაციის მოპოვების ეთიკურობა,
საგანგებო სიტუაციების (კატასტროფა, ომი და ა.შ.) გაშუქების წესები,
არასრულწლოვნების უსაფრთხოების დაცვა.
ადრე მსგავსი პრინციპების დაცვა დამოკიდებული იყო მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირებაზე. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ საჩივრებოდა – არც სასამართლოში, არც კომუნიკაციების კომისიაში.2025 წლის აპრილიდან კი, ამ საკითხებზე ზედამხედველობა უკვე კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გახდა. კომისიას მიენიჭა უფლება გადადგას ქმედითი ნაბიჯები კონკრეტული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმური მიზანი თუ მედიის დევნის საბაბი?
მმართველი პარტია ცვლილებების საჭიროებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობითა და სარედაქციო სტანდარტების გაუმჯობესებით ხსნის . მიუხედავად ამისა, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავს კანონებს ხშირად ახლავს თავისუფალი აზრის შეზღუდვა:
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით შეიძლება იქნეს გამოყენებული უსაფუძვლო შეზღუდვები და რეპრესიული ზომები;
არ არსებობს საკმარისი გარანტიები, რომ კომისია ამ უფლებამოსილებას გამოიყენებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებისათვის;
მსგავსი პრაქტიკა იწვევს მედიის პლურალიზმისა და საზოგადოების ინფორმირებულობის შემცირებას.
,,ქართული ოცნება" აღნიშნულ ცვლილებას ,,ბრიტანული სტანდარტების” დამკვიდრებად აფასებს, რომელის მიზანსაც უცხოური გავლენის შემცირება, ეთიკური სტანდარტებს დაცვა და ხასიხსის ზრდა წარმოადგენს, თუმცა აშკარაა, რომ კანონი, თვითრეგულაციისა და ფინანსური წნეხის გაზრდილი საფრთხის პირობებში, მხოლოდ აფერხებს ჟურნალისტურ საქმიანობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

თვითრეგულირების როლი და მნიშვნელობა
თვითრეგულირება მედიას აძლევს შესაძლებლობას თავად, სახელისუფლებო ორგანოების უშუალო ჩარევის გარეშე, მართოს და განსაზღვროს თავისი საქმიანობის ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჟურნალისტები და რედაქციები თავად ადგენენ წესებს, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობასა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვას. ამასთან, თვითრეგულირება იძლევა ჟურნალისტური საქმიანობისა და სტანდარტების უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, განვითარების შესაძლებლობას.
ამ სისტემის ძირითადი ინსტრუმენტებია: ეთიკის კოდექსი, შიდა სარედაქციო პროცედურები და საჩივრების განხილვის მექანიზმები.(კერძოდ, მოქალაქეები საკითხის განსახილველად მიმართავდნენ უშუალოდ მედიას ან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.)
თვითრეგულირების კიდევ ერთი უპირატესობა სარედაქციო თავისუფლების დაცვაა, რომელიც საშუალებას აძლევს მედიასექტორს დემოკრატიულ პრინციპებთან თანხვედრაში განვითარდეს.
ერთი კონკრეტული ორგანოსათვის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლებამოსილების გადაცემა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც, თვითრეგულირების ხელყოფის მცდელობა. შედეგად კი, მივიღებთ თვითცენზურას.

ექმნება თუ არა საფრთხე მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს?
01
ჯარიმების და ფინანსური ზეწოლის საშუალებით შექმ ნილმა წნეხმა შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი არხების ფინანსური გაკოტრება, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილიხელისუფლების მიმართ;
02
სარეკლამო ბაზრის სიმცირის პირობებში კრიტიკული მედიისთვის ფინანსური რესურსების, განსაკუთრებით უცხოური დაფინანსების შეზღუდვა, პირდაპირ უქმნის მათ ეგზისტენციალურ საფრთხეს.
03
მაუწყებლობის შინაარსობრივ კონტროლს ემატება არხების თვითცენზურა, რათა თავი აარიდონ შესაძლო ჯარიმებს ან ლიცენზიის ჩამორთმევას;
04
ალტერნატიული მოსაზრებების გამოხატვის შეზღუდვამ შეიძლება შეცვალოს თავისუფალი მედიაგარემო ერთგვარ, ერთმნიშვნელოვან, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კონტროლირებულ საინფორმაციო სივრცედ.
_edited.jpg)
ბიუროკრატიული და სტრუქტურული აპარატის გაუმართაობა
თუკი მანამდე მედიას თვითრეგულირების საფუძველზე შეეძლო შეცდომა გამოესწორებინა, ახლა მას ამის საშუალება აღარ აქვს. მომჩივანი აღარ მიმართავს უშუალოდ მაუწყებელს, ის კომისიაში შეიტანს საჩივარს ისეთ თემებზე, როგორიცაა სიძულვილის ენის გამოყენება, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმების განსაზღვრა, ჯეროვანი სიზუსტისა და ფაქტის ერთმანეთისაგან განსაზღვრა და ა.შ.
,, არც მარეგულირებელი კომისიაა ახლა კომფორტულ მდგომარეობაში, როცა უწევს ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც თავადაც არ იცის კარგად...”- ამბობს ,,ტვ პირველის" იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს პროცედურულ საკითხებთან მიმართებით: სისტემურ გაუმართაობაზეც: ,,კომისიამ უმაღლესი და უდიდესი შუალედები აიღო იმისათვის, რომ ჯერ სხლომა ჩაენიშნა, შემდეგ არსებითი განხილვა ყოფილიყო და გადაწყვეტილებაც მიეღო. რატომ? იმიტომ , რომ თავადაც არ იცის კომისიამ, რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს.. არ არის გაიდლაინი შექმნილი თუ როგორ უნდა დაიცვას ეს პრინციპი მაუწყებელმა ”
კანონი ეწინააღმდეგება
დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს (უნგრეთის მაგალითი)
ამასთან, აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. ამგვარად შესაძლებელია კომუნიკაციების კომისია იქცეს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი მკაცრად იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიხედვით, მედიის სარედაქციო თავისუფლება უნდა იყოს დაცული და მას უნდა მიეცეს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს გადაცემების ფორმა და შინაარსი, ხოლო სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკურ მოვლენების გაშუქებაში, და რაც მთავარია, არ დაუწესოს მათ შინაარსობრივი კონტროლი.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი საშუალებას აძლევს მედიას, გაატარონ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, მათ შორის, გააშუქონ პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ საკითხებზე მწვავე და სადავო განცხადებები, თუკი ისინი ხელს უწყობენ საჯარო დისკურსის განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლიც, საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტებით, ებრძვის ცენზურის დაწესებას და აკრძალულად მიიჩნევს ისეთ საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომლებიც დისპროპორციულად ერევიან მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობაში. მედიის თავისუფლება, როგორც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი, გულისხმობს აზრის გამოხატვას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ემსახურება საზოგადოებას, არა მმართველებს. კანონის 54-ე მუხლი, თავისი ბუნდოვანი და ფართო ინტერპრეტაციით, ღიაა სახელმწიფოს მხრიდან მაუწყებლობის შინაარსში დისპროპორციული ჩარევისათვის და შესაძლებელი ხდება მისი გამოყენება როგორც ირიბი ცენზურის ინსტრუმენტი. ამ ვითარებაში, ჟურნალისტები და მედია საქმიანობის ჩასატარებლად საჭიროებენ გარემოს, სადაც სახელმწიფო არ დაახშობს მათ საქმიანობას არც ცენზურით, არც დევნით, და არც სამართლებრივი მანიპულაციებით, რადგან მედიის თავისუფლება არა მხოლოდ აკრძალვის ფორმით, არამედ სახელმწიფოს ჩარევისგან თავის შეკავების პრინციპითაც ირღვევა.

უნგრეთის მაგალითი ხშირად მოიხსენიება, როგორც უარყოფითი პრეცედენტი მედიაზე სახელმწიფოს ზედმეტად მკაცრი კონტროლის მხრივ ევროპულ სივრცეში. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში მედიის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა – სახელმწიფომ მოიცვა მრავალი მედია საშუალება, მათ შორის ტელევიზიები, რადიოები და ინტერნეტპორტალები. 2010 წელს, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო მედიის ახალი კანონი, რომლითაც მედიის მაკონტროლებელ უწყებას ფართო უფლებამოსილება მიანიჭა. კრიტიკული მედია, რომელიც ხელისუფლებას აპროტესტებდა, ფინანსურად დასუსტდა ან ფაქტობრივად დაიხურა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და სხვა ევროპული ორგანიზაციები რამდენჯერმე გამოხატეს ღრმა შეშფოთება ამ პროცესების გამო, რადგან მედიაზე ზეწოლა და სახელმწიფოს ინტერვენცია საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას. მათი შეფასებით, უნგრეთში მედიაზე ზეწოლა ვრცელდება არა მხოლოდ კანონზე მანიპულაციის სახით, არამედ პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლის კომპლექსურ სისტემით, რომელიც აშკარად არღვევს ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპებს.
ამგვარი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოებრივ პლურალიზმს, ართმევს მოქალაქეებს მრავალფეროვან და მიუკერძოებელ ინფორმაციას და საბოლოოდ ასუსტებს დემოკრატიულ მმართველობას.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიისათვის უფლებამოსილების გაფართოება ცვლის მედიარეგულირების სისტემის არსებულ არქიტექტურას საქართველოში. იქმნება პრეცენდენტი, როცა სახელმწიფო ორგანო პირდაპირ და უხეშად ერევა მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაში.
ერთი მხრივ, ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც მაყურებლების ინტერესების დაცვისა და მედიაში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ცვლილებები შეიცავს ხელშესახებ რისკებს, მათ შორის, ცენზურის გზით, მედიათავისუფლებისა და თვითრეგულაციის შეზღუდვას.
მედიასექტორის წინაშე დგას გამოწვევა: შეინარჩუნოს ბალანსი მედიის სანდოობისა და პროფესიული სტანდარტების დაცვასა და მეორე მხრივ, სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
მაულის

